"რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება!" - დღეს, პარლამენტთან მორიგი საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 18:00 საათზეა დაგეგმილი.
ორგანიზატორების თქმით, მოთხოვნა რუსეთთან პირდაპირი ფრენების შეწყვეტაა.
"რუსული თვითმფრინავები ევროკავშირში არ ჯდება! რუსული თვითმფრინავი საქართველოს ინტერესში არ ჯდება! რუსული თვითმფრინავი არაფერში არ ჯდება! ჩვენი მოთხოვნა უცვლელია - დაუყოვნებლივ შეწყდეს პირდაპირი ფრენები რუსეთთან! დღეს უკვე დანამდვილებით ვიცით, რომ რუსეთთან ფრენები არის წითელი ხაზი ევროკავშირისთვის და ჩვენს ევროპულ მომავალზე უარის თქმა - საქართველოს ხელისუფლების მხრიდან.
ეს არის შეურაცხყოფა საქართველოს ისტორიის, ტრადიციებისა და რუსეთთან ბრძოლაში დაღუპული მებრძოლების ხსოვნის. ეს არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის საბოტაჟი. რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება! ყველამ იქონიეთ ბანერები თემის შესაბამისი წარწერით, სახმაუროები - სასტვენები, დოლები, ა. შ. ხმაურით, ერთად და ბევრმა მოვთხოვოთ ხელისუფლებას და კიდევ ერთხელ დავანახოთ მსოფლიოს, რომ ჩვენი არჩევანი ევროკავშირია!", - ამბობენ ორგანიზატორები - არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიის მცველები, ტალღა.
***
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმი გააუქმა. ოფიციალურ პორტალზე გამოქვეყნებული განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება ძალაში 2023 წლის 15 მაისიდან ამოქმედდა. პუტინმა რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოში ფრენაზე შეზღუდვებიც მოუხსნა.
ქართული ოცნება მანიპულირებს, თითქოს რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმება და ფრენების აღდგენა ისევ ქართველებისთვის არის დადებითი გადაწყვეტილება, რადგან ეს რუსეთში მყოფებს ცხოვრებას გაუადვილებს.
გუშინ, 19 მაისს, პირველი რუსული თვითმფრინავი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაეშვა. პირველი რუსული რეისის ჩამოფრენის პარალელურად საპროტესტო აქცია გაიმართა, რომელზეც აქტივისტები დააკავეს. პოლიციამ, სულ მცირე, 6 ადამიანი დააკავა.
კიდევ ერთი აქცია რუსული თვითმფრინავი ევროკავშირში არ ჯდება- პარლამენტთან, 20:00 საათზე გაიმართა.
რაც შეეხება თავად რუსულ კომპანიებს, ფრენის უფლება მიიღო კომპანია ავიაკომპანია Азимут--მა, რომელმაც 19 მაისს პირველი რეისი შეასრულა და კომპანია Red Wings-მა. ორივე კომპანია არის სანქცირებული უკრაინის მიერ. Red Wings-ი ასევე ამერიკის შეერთებული შტატების შავ სიაშიც არის.
ამავე თემაზე:
"ოპერირებს რუსეთის სტრატეგიული მნიშვნელობის სექტორებში" - Азимут-ი უკრაინაში სანქცირებულია
აშშ-ისა და უკრაინის მიერ სანქცირებული Red Wings საქართველოში ფრენებს იწყებს
საქართველოში ოპერირება უკრაინაში სანქცირებულ კიდევ ერთ რუსულ ავიაკომპანიას სურს